აზითრომიცინი ფარმოზი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების მაკროლიდების ჯგუფს. ანტიბიოტიკები გამოიყენება მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ბაქტეერიები, გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებშია ლოკალიზებული. აზითრომიცინი ფარმოზი აღწევს ინფიცირებულ ქსოვილში, სადაც ის გამოიყოფა დროთა განმავლობაში და ამრიგად ბაქტერიებს ებრძვის ბოლო დოზის მიღების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.
რომელი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება აზითრომიცინი ფარმოზი? აზითრომიცინი ფარმოზი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ტონზილიტი/ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია, შუა ყურის მწვავე ანთება, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები (როგორიცაა აბსცესი), ასევე Chlamidia trachomatis-ით და წამლების მიმართ არარეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სქესობრივდ გადამდები დაავადებები.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება: ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილებსა და 45 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში რეკომენდებული დოზა უმეტესი ჩვენებებისათვის არის 500 მგ ერთხელ დღეში (1 ტაბლეტი 500 მგ) და მკურნალობის ხანგრძლივობაა 3 დღე.
Chlamidia trachomatis-ით და Haemophilus ducreyi-ით გამოწვეული სქესობრივად გადამდები ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა 1 გ ერთჯერადი დოზის სახით (500 მგ 2 ტაბლეტი). Neisseria gonorrhoeae-ისათვის რეკომენდებული დოზაა 1 გ ან 2 გ ცეფტრიაქსონის 250 მგ ან 500 მგ-თან კომბინაციაში,
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება: აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები ინიშნება მხოლოდ 45 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში.
მიღების მეთოდი და გზა: განკუთვნილია შიგნით მისაღებად. აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, მისი მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
საუკეთესო დრო მედიკამენეტის მისაღებად: მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, უმჯობესია ერთსა და იმავე დროს. აზითრომიცინი ფარმოზი მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ.
შენახვის წესი: ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ სიფრთხილის ზომებს. მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.