
დუფასტონი 10 მგ არის მედიკამენტი, რომელიც აქტიურ ნივთიერებას - დიდროგესტერონს შეიცავს. ეს არის ხელოვნურად დამზადებული ჰორმონი, რომელიც თქვენს ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებულ ჰორმონს - პროგესტერონს ძალიან ჰგავს. აღსანიშნავია, რომ დუფასტონის ტიპის წამლებს „პროგესტოგენებს“ უწოდებენ.
დუფასტონი ორგანიზმს სწორედ იმ პრობლემების დაძლევაში ეხმარება, რომლებიც პროგესტოგენის (პროგესტერონის) ნაკლებობითაა გამოწვეული. ეს ჰორმონი ჩვეულებრივ საკვერცხეებში გამომუშავდება. ზოგიერთი ქალის ორგანიზმში, რომლებიც მხოლოდ ესტროგენს იღებენ, შესაძლოა, რომ საშვილოსნოს გარსი პათოლოგიურად გასქელდეს. ამას დუფასტონის მიღება ხელს უშლის.
უფრო კონკრეტულად, დუფასტონის შემადგენლობაში შედის აქტიური ნივთიერება - დიდროგესტერონი 10 მგ და დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური ანჰიდროზული სილიკა, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 400, საღებავი: ტიტანის დიოქსიდი (E171).
დუფასტონი 10 მგ თეთრი, მრგვალი ტაბლეტია, რომელსაც გაყოფის ხაზი აქვს და "155" აწერია. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე ესტროგენთან ერთად. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით იღებთ დუფასტონს.
წამალი მუშაობს, როგორც ბუნებრივი პროგესტერონი. ის ოვულაციას არ თრგუნავს, შესაბამისად, კონტრაცეპტიული მოქმედება არ გააჩნია. დუფასტონი 10 მგ საშვილოსნოს კუნთებს ამშვიდებს და ლორწოვანზე დადებითად მოქმედებს, რაც ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას.
აფთიაქებიდან დუფასტონი რეცეპტით გაიცემა და მისი თვითნებურად მიღება არ შეიძლება.
აღნიშნული მედიკამენტი, ექიმის დანიშნულებისამებრ, სხვადასხვა მიზნით მიიღება. უფრო კონკრეტულად, დუფასტონი 10 მგ შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება:
ციკლის ლუთეინური ფაზის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობები: დისმენორეა, მენორაგია, მეორადი ამენორეა; ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენთან კომბინაციაში; კონტრაცეფცია (ინდივიდუალურად ან ესტროგენთან კომბინაციაში); ენდომეტრიოზი; ჰირსუტიზმის ზოგიერთი ფორმა; ენდომეტრიუმის მეტასტაზური სიმსივნის პალიატიური მკურნალობა; მკერდის და თირკმლის სიმსივნე; ბუნებრივი პროგესტერონი გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს და ასევე ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს. ასევე, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობის შეწყვეტა პროგესტერონის ნაკლებობითაა გამოწვეული.
დუფასტონი ორგანიზმში პროგესტერონის არასაკმარისი რაოდენობით გამოწვეული პრობლემის სამკურნალოდაც გამოიყენება.
მტკივნეული მენსტრუაციის შემსუბუქება;
უნაყოფობის მკურნალობა, რომელიც პროგესტერონის დაბალი დონითაა გამოწვეული;
არარეგულარული მენსტრუაციის კონტროლი;
წინარემენსტრუალური სინდრომის (PMS) სიმპტომების შემსუბუქება;
მენოპაუზამდე შეწყვეტილი მენსტრუაციის აღდგენა (ამენორეა);
მენოპაუზის დაწყების დროს წარმოქმნილი უჩვეულოდ ხანგრძლივი ან უხვი მენსტრუაციის შეჩერება ან პრევენცია;
მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობა – ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპია (HRT). დუფასტონი, ესტროგენთან ერთად, მენოპაუზის სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დუფასტონი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება. აუცილებელია, რომ მის მიღებამდე წამლის უსაფრთხოებაში დარწმუნდეთ. არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც დუფასტონი არ უნდა მიიღოთ.
არ მიიღოთ დუფასტონი, თუ:
გაქვთ სიმსივნე, რომელიც პროგესტოგენით მწვავდება;
გაქვთ უცნაური ან უხვი მენსტრუალური ციკლი, რომლის შესახებაც ექიმმა არ იცის;
წამლის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია გაქვთ.
დუფასტონის მიღებამდე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ: დეპრესია; ღვიძლის პრობლემები; მემკვიდრეობით გადაცემადი იშვიათი სისხლის დაავადება.
აღსანიშნავია, რომ ჰორმონულ თერაპიას, მიუხედავად სარგებლისა, გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც პაციენტმა და ექიმმა უნდა განიხილონ.
მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი თქვენი და თქვენი ოჯახის სამედიცინო ისტორიას გამოგკითხავთ. შესაძლოა, მკერდის ან მუცლის გამოკვლევა დაგჭირდეთ. მკურნალობის დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტები - წელიწადში ერთხელ მაინც.
დუფასტონი ლაქტოზას შეიცავს. ამიტომაც, თუ გაქვთ მსგავსი აუტანლობა, რაც მემკვიდრეობით გადამდები იშვიათი მდგომარეობაა, წამლის მიღებამდე, ექიმს აუცილებლად გაესაუბრეთ.
არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ უნდა იცოდეთ.
გულის დაავადება - ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია არ არის რეკომენდებული იმ ქალებისთვის, რომლებმაც გულის დაავადებები გადაიტანეს. თუ მკერდის ტკივილს იგრძნობთ, რომელიც მკლავს ან კისერს გადაეცემა, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართეთ. შეწყვიტეთ ჰორმონების მიღება იქამდე, სანამ დაწყების ნებას ექიმი არ დაგრთავთ.
ინსულტი - ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია ინსულტის რისკს დაახლოებით 1.5-ჯერ ზრდის. აღსანიშნავია, რომ ეს რისკი პაციენტის ასაკთან ერთად იზრდება.
იზრდება სისხლის შედედების რისკიც. განსაკუთრებით მკურნალობის პირველ წელს. თრომბოზის რისკი მაღალია, თუ ხართ ხანდაზმული, გაქვთ სიმსივნე, ჭარბწონიანი ხართ, იღებთ ესტროგენს, ხართ ორსულად ან ახლახან იმშობიარეთ, ოჯახში ვინმეს ან თქვენ უკვე გქონიათ თრომბოზი, დიდი ხნის განმავლობაში უძრავად იყავით (ოპერაცია, ტრავმა და ა.შ.). შესაბამისად, თუ აღგენიშნებათ: ფეხის მტკივნეული შეშუპება, უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართეთ და ჰორმონების მიღება შეწყვიტეთ.
მკერდის კიბო - ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია, განსაკუთრებით ესტროგენ-პროგესტოგენური, მკერდის კიბოს რისკს ზრდის. აღსანიშნავია, რომ რისკი მზარდია.
საშვილოსნოს ლორწოვანის კიბო და ჰიპერპლაზია - ქალებში, რომლებსაც საშვილოსნო შენარჩუნებული აქვთ და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისთვის მხოლოდ ესტროგენს იღებენ, საშვილოსნოს ლორწოვანის კიბოსა და ჰიპერპლაზიის (გადააზრდილი ლორწოვანის) გაზრდილი რისკი არსებობს. ამ რისკს ამცირებს ესტროგენთან ერთად, დუფასტონის მიღება (თვეში მინიმუმ 12 დღის განმავლობაში ან სრული 28-დღიანი ციკლი) ან კომბინირებული უწყვეტი თერაპიის სახით.
რაც შეეხება საკვერცხის კიბოს, ის ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე ძუძუს კიბო.
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით რაიმე სახის მედიკამენტს. მათ შორის, ისეთს, რასაც რეცეპტი არ სჭირდება ან მცენარეულია. შესაძლოა, მათ დუფასტონის ეფექტი შეასუსტონ ან არასასურველი რეაქციები გამოიწვიონ.
დუფასტონი არაა განკუთვნილი ბავშვებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციული ციკლი ჯერ არ დაწყებიათ, ხოლო 12-18 წლის მოზარდებში მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
ნაყოფიერება
არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდროგესტერონი ნაყოფიერებას ამცირებს, თუ მას ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად იღებთ.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს შეიძლება. თუ პაციენტი მკურნალობის პერიოდში დაორსულდება ან ორსულობას გეგმავს, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს.
დუფასტონი არ მიიღოთ, თუ შვილს ძუძუთი კვებავთ. ცნობილი არაა დუფასტონი რძეში გადადის თუ არა. თუმცა სხვა პროგესტოგენებზე ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ ისინი რძეში მცირე რაოდენობით გადადის.
დუფასტონის მიღების შემდეგ, შეიძლება ჩაგთვლიმოთ ან თავბრუსხვევა იგრძნოთ. განსაკუთრებით მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომაც, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თავს კარგად გრძნობთ, არც მანქანა მართოთ და არც მექანიზმებთან იმუშაოთ.
დუფასტონი, ხშირ შემთხვევებში, ინიშნება 10-20 მგ დღეში. რა თქმა უნდა, დოზირება ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა და პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე. წამალი მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად გამოიყენება.
ტაბლეტი წყლით გადაყლაპეთ. ის შეგიძლიათ როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშეც მიიღოთ. თუ დღეში ერთზე მეტ ტაბლეტს იღებთ, დოზა დღის განმავლობაში გადაანაწილეთ. ეცადეთ, რომ მედიკამენტი ყოველდღე ერთი და იმავე დროს მიიღოთ. ტაბლეტს აქვს გახლეჩვის ხაზი, რომლის მიზანიც მხოლოდ მისი გადაყლაპვის გაადვილებაა.
წამლის დოზირება დამოკიდებულია მკურნალობის მიზანსა და ექიმის დანიშნულებაზე.
როგორც ყველა წამალს, დუფასტონსაც გააჩნია გვერდითი ეფექტები. გარდა ამისა, არსებობს შემდეგი რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც მკურნალობის პერიოდშია აუცილებელი:
პერიოდულად მკერდისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაიტარეთ;
დააკვირდით, მკერდზე ცვლილებები ხომ არ შეინიშნება. მაგალითად, კანის შეკუმშვა, დვრილის ცვლილება ან წარმონაქმნები.
მედიკამენტს ახასიათებს შესაძლო გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები. მათგან ზოგიერთი ხშირად, ზოგი კი, ძალიან იშვიათად გამოვლინდება. ესენია:
სახის ან ყელის მიდამოში კანის შეშუპება, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს (ანგიოედემა);
უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა;
ღვიძლის პრობლემები;
ალერგიული რეაქციები – სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დაბალი წნევა;
თავის ტკივილი;
მიგრენა;
გულისრევა;
მკერდის ტკივილი ან მგრძნობელობა;
მტკივნეული, ძლიერი ან არარეგულარული მენსტრუაცია;
მენსტრუაციის არქონა ან იშვიათი ციკლი;
წონის მომატება;
გამონაყარი, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება;
დეპრესია;
თავბრუსხვევა;
ღებინება;
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ჰემოლიზური ანემია);
ჰიპერმგრძნობელობა;
სითხის შეკავება ორგანიზმში;
მკერდის შეშუპება;
ძილიანობა;
პროგესტერონის ზემოქმედებით სიმსივნის ზრდა;
პორფირიის (იშვიათი სისხლის პიგმენტური დარღვევა) გაუარესება.
აღსანიშნავია, რომ გვერდითი ეფექტები შეიძლება ახალგაზრდებშიც გამოვლინდეს და უფროსებშიც. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ექიმი საქმის კურსში იყოს და შესაბამისად იმოქმედოს.