
სურდოსა და ცხვირის გაჭედვის შესამსუბუქებლად სხვადასხვა პრეპარატი გამოიყენება. პაიდოტერინი დეკონგესტანტი სიროფია, ქსილაზოლი - ცხვირის სპრეი, ხოლო ვიბროცილი ცხვირის წვეთები. მათი მოქმედება და გამოყენების წესი განსხვავდება. პრეპარატის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. მათ შორის, სიმპტომები, ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
შემოდგომასა და ზამთარში გაციება და ვირუსული ინფექციები უფრო ხშირად გვაწუხებს. სურდო, ცემინება და ცხვირის გაჭედვა ყოველდღიურ საქმიანობას ართულებს. ზოგჯერ ღამით სუნთქვა გვიჭირს და ძილის რეჟიმი გვერღვევა. ამას შესაძლოა თავის ტკივილიც დაემატოს. გაციების გარდა, მსგავსი სიმპტომები შეიძლება ალერგიული რეაქციითაც იყოს გამოწვეული.
სურდოსა და ცხვირის გაჭედვის შესამსუბუქებლად რამდენიმე ტიპის პრეპარატი არსებობს. თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირად არ მოქმედებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დანიშნულება აქვს თითოეულ საშუალებას და რა უნდა გავითვალისწინოთ მათ გამოყენებამდე.
ამ ბლოგში გაიგებთ:
სურდოსა და ცხვირის გაჭედვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა. მაგალითად, გაციება. ინფექციის დროს ცხვირის ლორწოვანი გარსი ღიზიანდება, შუპდება და მეტი ლორწო გამოიყოფა. ამის გამო ცხვირით სუნთქვა რთულდება და ჩნდება გამონადენი.
მსგავსი სიმპტომები შეიძლება ალერგიამაც გამოიწვიოს. ალერგიის დროსაც შესაძლოა განვითარდეს სურდო, ცემინება და ცხვირის გაჭედვა. ამ სიმპტომებს ხშირად იწვევს ოთახისა და მცენარეების მტვერი და სხვა ალერგენები. სიმპტომების გამომწვევი შეიძლება იყოს ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანებაც. მაგალითად, სიგარეტის კვამლით ან მძაფრი სუნის გამო.
კონკრეტული პრეპარატის შერჩევამდე მნიშვნელოვანია, სიმპტომების გამომწვევი მიზეზები დადგინდეს.
პაიდოტერინის სიროფი სამი მოქმედი ნივთიერებისგან შედგება: დიფენჰიდრამინი, ფენილეფრინი და ქლორფენირამინი. ეს ნივთიერებები განსხვავებულად მოქმედებს და ხსნის გაჭედილ ცხვრის, ცემინებასა და სურდოს.
ფენილეფრინი ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას სისხლძარღვების შევიწროებით ამცირებს. შედეგად, ცხვირის ღრუ დროებით თავისუფლდება და სუნთქვა შეიძლება გამარტივდეს. დიფენჰიდრამინი და ქლორფენირამინი ანტიჰისტამინური ნივთიერებებია. ისინი ჰისტამინთან დაკავშირებულ იმ რეაქციებს ამცირებს, რომლებიც ხშირად ალერგიულ სურდოსა და ცემინებას იწვევს.
პაიდოტერინი გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად. მათ შორის, სეზონური და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის დროს. თუმცა, სურდოს მიზეზი ყოველთვის ალერგია არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების მიზეზის დადგენა.
პაიდოტერინის მიღებამ შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად აღინიშნება ძილიანობა. ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს აღგზნებადობა, ძილის დარღვევა, ოფლიანობის მომატება, ნერვიულობა ან მადის დაქვეითება. ბავშვებსა და ხანდაზმულებში ზოგიერთი გვერდითი ეფექტის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა ხანდაზმულებში, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე იმოქმედოს. ასევე გასათვალისწინებელია გლაუკომის გამწვავების რისკი.
სიროფის მიღებისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სისხლის პათოლოგიური ცვლილებები და მზის სხივების მიმართ მგრძნობელობის მომატება.
სიროფის დოზა ასაკის მიხედვით განისაზღვრება. გამოყენებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ინსტრუქციას. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პაიდოტერინის დოზის თვითნებურად გაზრდა დაუშვებელია.
ქსილაზოლი ცხვირის სპრეია, რომელიც ქსილომეტაზოლინსა და დექსპანთენოლს შეიცავს. ქსილომეტაზოლინი ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას ამცირებს. დექსპანთენოლი კი ლორწოვანს იცავს და მის დამშვიდებას უწყობს ხელს.
პრეპარატი გამოიყენება სურდოს დროს, მათ შორის მწვავე რესპირატორული ინფექციების ფონზე. ის ასევე ინიშნება ალერგიული და ვაზომოტორული რინიტის, სინუსიტისა და ზოგიერთი სხვა მდგომარეობის დროს.
საბავშვო სპრეი განკუთვნილია 2-6 წლის ბავშვებისთვის და 1 მლ-ში 0.5 მგ ქსილომეტაზოლინს შეიცავს. მოზრდილებისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ფორმა კი - 1 მგ-ს. შეძენისას შეფუთვაზე მითითებული ასაკობრივი ჯგუფი შეამოწმება აუცილებელია.
სპრეის გამოყენებამდე გაისუფთავეთ ცხვირი. ფლაკონი ვერტიკალურად დაიჭირეთ და გამფრქვეველი ნესტოში მოათავსეთ. შესხურებისას მსუბუქად შეისუნთქეთ ცხვირით. გამოყენების შემდეგ გამფრქვეველი გაწმინდეთ და დაახურეთ დამცავი თავსახური.
ქსილაზოლის გამოყენება შვიდ დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ხანგრძლივმა ან შესაბამისი ინტერვალების გარეშე გამოყენებამ შეიძლება ცხვირის გაჭედვა კვლავ გამოიწვიოს ან გაამწვავოს. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობა ექიმთან უნდა შეთანხმდეს.
პრეპარატი არ გამოიყენება მითითებული ასაკის ქვემოთ და იმ ადამიანებში, რომლებსაც მის შემადგენელ ნივთიერებებზე მომატებული მგრძნობელობა აქვთ. უკუჩვენებებს შორისაა მშრალი რინიტიც. თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ ან სხვა პრეპარატებს იღებთ, გამოყენებამდე ფარმაცევტს ან ექიმს გაესაუბრეთ.
ვიბროცილი ცხვირის წვეთების სახით არის წარმოდგენილი. მისი მოქმედი ნივთიერებებია ფენილეფრინი და დიმეთინდენი. ფენილეფრინი ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას ამცირებს, დიმეთინდენი კი ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს.
პრეპარატი გამოიყენება გაციებით გამოწვეული სურდოს, ალერგიული და ვაზომოტორული რინიტის, ასევე მწვავე და ქრონიკული სინუსიტის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში ის შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობისასაც გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება. პრეპარატი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ცხვირის არეში ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგაც.
პრეპარატის გამოყენებამდე ცხვირის ღრუ უნდა გაიწმინდოს. პრეპარატის ჩაწვეთებისას თავი ოდნავ უკან გადაწიეთ და რამდენიმე წუთით ამ მდგომარეობაში დარჩით. ჩვილებს წვეთები ცხვირში კვებამდე ჩააწვეთეთ.
ვიბროცილის გამოყენება არ შეიძლება, თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ ან ატროფიული რინიტი. ასევე დაუშვებელია მისი გამოყენება მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად ან ამ პრეპარატების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
ორსულობის დროს ვიბროცილის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის სასურველი. სიფრთხილეა საჭირო მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებების, არითმიის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, გლაუკომისა და დიაბეტის დროს.
პაიდოტერინი, ქსილაზოლი და ვიბროცილი განსხვავებული შემადგენლობის პრეპარატებია. არჩევისას გაითვალისწინეთ სურდოს შესაძლო მიზეზი, თანმხლები სიმპტომები და ასაკი.
სპეციალისტთან შეთანხმების გარეშე რამდენიმე მსგავსი მოქმედების პრეპარატი ერთდროულად არ გამოიყენოთ. თუ მდგომარეობა უარესდება, გაქვთ მაღალი სიცხე ან ძლიერი ტკივილი, მიმართეთ ექიმს.
სურდოსა და ცხვირის გაჭედვის დროს სიმპტომების შემსუბუქებაში რამდენიმე მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ.
მიიღეთ საკმარისი სითხე - დალიეთ წყალი, თბილი ჩაი და სხვა სითხეები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სიცხეც გაქვთ. ოთახი რეგულარულად გაანიავეთ და შეინარჩუნეთ ჰაერის ზომიერი ტენიანობა.
დაისვენეთ და მოერიდეთ გამღიზიანებლებს - მოერიდეთ სიგარეტის კვამლს, მტვერსა და მძაფრ სურნელს. მათ შეიძლება ცხვირის გაღიზიანება და სიმპტომების გაძლიერება გამოიწვიონ.
ეს მეთოდები სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ, თუმცა შესაძლოა მედიკამენტის მიღებაც გახდეს საჭირო.
რომელია უკეთესი სურდოს დროს - ქსილაზოლი თუ ვიბროცილი?
ქსილაზოლი და ვიბროცილი შემადგენლობით განსხვავდება. ქსილაზოლი შეიცავს ქსილომეტაზოლინსა და დექსპანთენოლს, ვიბროცილი კი - ფენილეფრინსა და დიმეთინდენს. პრეპარატი სიმპტომების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. საჭიროების შემთხვევაში, რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
შეიძლება თუ არა ქსილაზოლის ხანგრძლივად გამოყენება?
არა. ის შვიდ დღეზე მეტხანს არ უნდა გამოიყენოთ, რადგან ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა ცხვირის გაჭედვა გაამწვავოს. ბავშვებში პრეპატარის გამოყენების ხანგრძლივობა ექიმთან შეათანხმეთ.
შეიძლება თუ არა პაიდოტერინისა და ვიბროცილის ერთად გამოყენება?
ერთდროულად გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ორივე პრეპარატი შეიცავს ფენილეფრინს. მათმა ერთად მიღებამ შეიძლება არასასურველი ეფექტების რისკი გაზარდოს.