ბენეტი ბენზიდამინის ორალური სპრეია ყელის ტკივილის, ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს. ამცირებს ანთებას და ყლაპვას აადვილებს.
შემადგენლობა
ბენეტის სპრეის 30 მლ შეიცავს 0.045 გ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს (0.15%) აქტიური ინგრედიენტის სახით, ასევე საქარინს დამატკბობლის სახით, მეთილპარაბენს კონსერვანტის სახით, პიტნის ესენციას არომატიზატორის სახით და ეთანოლს გამხსნელის სახით.
ყოველი შესხურების მოცულობაა 0.18 მლ (0.270 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი).
ჩვენებები
ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტისა და ტონზილიტის დროს ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;
ტონზილექტომიის შემდეგ;
ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა სამედიცინო მიზეზებით (მაგ., ტრაქეალური ინტუბაციით) გამოწვეული ორალური მუკოზიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და გაღიზიანება);
აფთოზური წყლულების, გლოსიტის, გინგივიტისა და სტომატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
რეკურენტული აფთოზური სტომატიტი;
ბეხჩეტის დაავადებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება;
პემფიგუსის ჯგუფის დაავადებებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება;
მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის დროს პირის ღრუს დაზიანებების მკურნალობა;
ორალური ეროზიული ბრტყელი ლიქენის მკურნალობა;
პირის ღრუსა და ხახის სხვადასხვა მანიპულაციის შემდეგ ტკივილის შესამსუბუქებლად, მათ შორის პაროდონტოლოგიური პროცედურების, პირის ღრუს, კბილებისა და ყბების ოპერაციების შემდეგ;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების (სტომატიტის) მკურნალობა.
გამოყენება და დოზირება
ბენეტის სპრეი:
მოზრდილები და ხანდაზმულები: თითო შესხურება 1.5–3 საათის ინტერვალით, დღეში 4–8-ჯერ.
ბავშვები (6–12 წელი): თითო შესხურება 1.5–3 საათის ინტერვალით, დღეში 4-ჯერ.
6 წლამდე ასაკის ბავშვები: ერთი შესხურება სხეულის ყოველ 4 კგ წონაზე, 1.5–3 საათის ინტერვალით, მაქსიმუმ 4 შესხურება დღე-ღამეში.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა (პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან უმნიშვნელო აბსორბციისა და მისი ნაწილის ჩაყლაპვის შემდეგ), ამიტომ ბენეტის ორალური სპრეის ჭარბი დოზირებით გამოწვეული ტოქსიკურობა არ ვითარდება.
თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის თვალებთან კონტაქტი.
ბავშვები: საკმარისი კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო, პრეპარატი რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის კატეგორია B. აღნიშნულ პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე: აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30°C-ზე.