ტრიპლიქსამი - 5მგ დოზის ტაბლეტის სახით, გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. შეფუთვაში - 30 ცალი.
საერთაშორისო დასახელება: Amlodipine, Indapamide, Perindopril
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები → ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
ტრიპლიქსამი წარმოადგენს სამი აქტიური კომპონენტის: პერინდოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის კომბინაციას. ეს არის ანტიჰიპერტენზიული საშუალება, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პერინდოპრილი/ინდაპამიდის ფიქსირებულ დოზირებულ კომბინაციას და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, შეიძლება მიიღონ ტრიპლიქსამი — ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს სამივე აქტიურ კომპონენტს იგივე რაოდენობით.
თითოეული აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და მათი კომბინაცია ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლს:
• პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. იგი აფართოებს სისხლძარღვებს, რაც გულს უადვილებს სისხლის გადატუმბვას.
• ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება (მიეკუთვნება სულფონამიდის წარმოებულების ჯგუფს ინდოლის ბირთვით). დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმელების მიერ წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზული საშუალებებისგან იმით, რომ იწვევს წარმოქმნილი შარდის რაოდენობის მხოლოდ მცირე ზრდას.
• ამლოდიპინი არის კალციუმის არხების მაბლოკირებელი საშუალება (მიეკუთვნება დიჰიდროპირიდინების ჯგუფს). იგი მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნებით, რის შედეგადაც სისხლი უფრო ადვილად მოძრაობს მათ სანათურში.
როგორ მიიღება ტრიპლიქსამი:
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტი მიიღეთ ჭიქა წყლის დაყოლებით, უმჯობესია დილით, ჭამამდე.
ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის შესაბამის დოზას. ჩვეულებრივ, ინიშნება ერთი ტაბლეტი.
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ტრიპლიქსამი, ვიდრე საჭიროა:
ტაბლეტების ჭარბი რაოდენობით მიღებისას შესაძლოა არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდეს, რაც შეიძლება საშიში იყოს და ზოგჯერ ახლდეს:
შესაძლებელია იგრძნოთ თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის შეგრძნება ან სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრად დაცემისას შეიძლება განვითარდეს შოკი. კანი შეიძლება გახდეს ცივი და ნოტიო, ასევე შესაძლებელია გონების დაკარგვა.
თუ მიიღეთ ტრიპლიქსამის ძალიან დიდი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ ტრიპლიქსამის მიღება:
მეტი ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგულარულად, ყოველდღიურად მიღება.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ წყვეტთ ტრიპლიქსამის მიღებას:
რადგან ჰიპერტენზიის მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივად, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.