ალერფასტი გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობის დროს.
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს, 120 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Coating premix pink (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E171), Iron Oxide Red (E172)).
სეზონური ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა.
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში სეზონური ალერგიული რინიტის დროს ინიშნება ალერფასტი 120 – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში საკვების მიღების წინ; ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს ინიშნება ალერფასტი 180 – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში საკვების მიღების წინ.
6-11 წლის ასაკის ბავშვებში ნაჩვენებია მხოლოდ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის 30 მგ ტაბლეტების გამოყენება.
რისკის ჯგუფის პაციენტებში (ხანდაზმული ასაკი, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა) არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, დაღლილობა, იშვიათად – უძილობა, აგზნებადობა, ძილის დარღვევა ან უჩვეულო სიზმრები (პარონირია);
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა;
იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი კანზე, ჰიპერემია, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი და მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, პალპიტაცია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებზე ზემოქმედების შესახებ, ამიტომ ორსულობის დროს ალერფასტის მიღება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.