
სურდო, ყელი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველა, სახსრების ტკივილი - ეს სიმპტომები ყველა იმ ადამიანისთვის ნაცნობია, ვისთვისაც სეზონურ ვირუსებსა და ინფექციებს ერთხელ მაინც შეუტევია.
გაციებას თან ახლავს ზოგადი სისუსტე, რაც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება, რადგან ზოგჯერ საწოლოდან წამოდგომაც კი შეუძლებელია. სწორედ ამის გამო, შეიძლება სამსახურის, ლექციების ან გაკვეთილების გაცდენა მოგიწიოთ. ასევე, ვერ წახვიდეთ გასართობად, დაბადების დღეებზე, საყვარელი ფილმების სანახავად ან უბრალოდ, ეზოში სასეირნოდაც კი.
შემოდგომა-ზამთრის დადგომასთან ერთად, სეზონური ვირუსებისა და ინფექციებსი რისკიც საგრძნობლად იმატებს. ტემპერატურის ცვლილება, მზის სხივების ნაკლებობა და დახურულ სივრცეებში ხალხმრავლობა - ეს ყველაფერი თქვენი ორგანიზმისთვის სტრესია და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.
საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს - ც ვიტამინი, რომელიც საკვები დანამატის სახით უნდა მიიღოთ.
რა ფუნქცია აქვს C ვიტამინს, როგორ უნდა მიიღოთ, რა მექანიზმით ებრძვის გრიპს, რომელი სიმპტომები მიუთითებს ც ვიტამინის დეფიციტზე - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პასუხებს ბლოგში გაეცნობით.
C ვიტამინი ანუ ასკორბინის მჟავა წყალში ხსნადი, აუცილებელი მიკრონუტრიენტია. აღსანიშნავია, რომ მის გამომუშავებას ორგანიზმი თავისით ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ საკვებიდან ან დანამატების სახით მიიღოთ. ქიმიური თვალსაზრისით, ის ძლიერი აღმდგენი აგენტია, რაც ამ ვიტამინის მთავარ როლს - ანტიოქსიდანტურ ფუნქციას განაპირობებს.
C ვიტამინი სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს, რაც მას უნივერსალურ ვიტამინად აქცევს.
ძლიერი ანტიოქსიდანტი - ადამიანის ორგანიზმი ყოველდღიურად გადის ოქსიდაციურ სტრესს. ეს ნიშნავს, რომ წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ, დაბერების პროცესს აჩქარებენ და იმუნურ სისტემას ასუსტებენ. C ვიტამინი სწორედ ამ პროცესს ეწინააღმდეგება.
კოლაგენის წარმოქმნა - C ვიტამინი აუცილებელი კოფაქტორია ფერმენტებისთვის, რომლებიც ცილა კოლაგენის სინთეზში არიან ჩართული. კოლაგენი ქმნის სტრუქტურას კანში, სისხლძარღვებში, ძვლებში, ხრტილებსა და იოგებში. გარდა ამისა, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ქსოვილების რეგენერაციას.
იმუნიტეტის გაძლიერება - ის ლეიკოციტების - სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას ასტიმულირებს და მათ ფუნქციას აძლიერებს. ეს კი, ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ზრდის.
რკინის ათვისება - C ვიტამინი ხელს უწყობს ნაწლავებიდან არაჰემური რკინის (რკინა, რომელიც მცენარეულ საკვებში გვხვდება) უკეთეს ათვისებას.
სხვა პროცესები - ც ვიტამინი ნეიროტრანსმიტერების, სტეროიდული ჰორმონებისა და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროცესებში მონაწილეობს.
ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი C ვიტამინის ანტიოქსიდანტური მექანიზმია. ახლა მასზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
ცნობილია, რომ C ვიტამინს, თავისი ქიმიური თვისების წყალობით, ელექტრონების ადვილად გადაცემა შეუძლია.
კონკრეტულად, როგორ ებრძვის C ვიტამინი თავისუფალ რადიკალებს? - თავისუფალი რადიკალები არასტაბილური მოლეკულებია, რომელთაც გარე ორბიტაზე ერთი დაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ. ეს მათ უკიდურესად რეაქტიულს ხდის. ისინი ელექტრონს ნორმალური უჯრედის მოლეკულებისგან (მაგალითად, დნმ-დან, ლიპიდებიდან ან ცილებიდან) „იპარავენ“, რათა სტაბილურობას მიაღწიონ. ეს პროცესი ოქსიდაციურ დაზიანებასა და უჯრედის ფუნქციის დარღვევას იწვევს.
ამ დროს, C ვიტამინი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ასკორბინის მჟავა მოქმედებს, როგორც ელექტრონის დონორი. ის თავის ელექტრონს თავისუფალ რადიკალს ნებაყოფლობით გადასცემს. ელექტრონის მიღების შედეგად, თავისუფალი რადიკალი სტაბილურდება და თავის დესტრუქციულ უნარს კარგავს. აღსანიშნავია, რომ ელექტრონის გაცემის შემდეგ, C ვიტამინი ასკორბინის რადიკალად (დეჰიდროასკორბინის მჟავა) თავად იქცევა. თუმცა, ც ვიტამინი უნიკალურია იმით, რომ მისი რადიკალური ფორმა შედარებით არარეაქტიული და სტაბილურია. შესაბამისად, ის სხვა უჯრედებს არ აზიანებს.
გარდა ამისა, C ვიტამინს შეუძლია, სხვა ანტიოქსიდანტების დახმარებით, აღდგეს და კვლავ აქტიურ C ვიტამინად იქცეს.
საბოლოოდ, თამამად უნდა ითქვას, რომ C ვიტამინი ორგანიზმში „დამცავი ფარის“ მსგავსად ფუნქციონირებს. ის უჯრედის სასიცოცხლო მოლეკულების თავისუფალი რადიკალების აგრესიისგან დასაცავად მოქმედებს. ეს უნარი ც ვიტამინს იმუნური სისტემისა და უჯრედების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმად აქცევს.
C ვიტამინი იმუნური სისტემის სწორად ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ელემენტია. ის უჯრედების აქტივაციით დაწყებული, ანთების მართვამდე დასრულებული - ყველა ეტაპში მონაწილეობს. მას სხვადასხვა მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს.
იმუნური უჯრედების სტიმულაცია - C ვიტამინი იმუნური უჯრედების აქტივობას ზრდის, განსაკუთრებით: ნეიტროფილების, რომლებიც ორგანიზმში ვირუსის, ბაქტერიისა ან სხვა მავნე აგენტის მოხვედრის შემთხვევაში, პირველები რეაგირებენ; ლიმფოციტების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანტისხეულების გამომუშავებაზე; ფაგოციტების, რომლებიც პათოგენებს „ყლაპავენ“.
ბუნებრივი ანტივირუსული დაცვა - თავდაპირველად, უნდა ითქვას, რომ C ვიტამინი ანტიბიოტიკი არ არის, თუმცა მას ბუნებრივი ანტივირუსული მოქმედება აქვს. ის აძლიერებს ინტერფერონის გამომუშავებას - ეს არის ცილა, რომელიც ვირუსების გამრავლებას ბლოკავს. გარდა ამისა, ც ვიტამინი უჯრედების წინააღმდეგობის დონეს ზრდის და ლორწოვან ქსოვილს ეხმარება, რომ ვირუსების შეჭრისგან თავი დაიცვას.
ანთების შემცირება - სწორედ ესაა სიმპტომების მარტივად გადატანის საიდუმლო. გაციების, გრიპისა და სხვა ინფექციების დიდი ნაწილი ანთებით პროცესებთანაა დაკავშირებული. როგორც წესი, ამ დროს შემდეგი სიმპტომები ვლინდება: უხვი ლორწო, ყელის წვა, ცხვირის გაჭედვა და ზოგადი სისუსტე. C ვიტამინი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც ანთებას ამცირებს. ამიტომ, გაციების სიმპტომები უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
მსუბუქი ინფექციების სწრაფი აღდგენის მხარდაჭერა - C ვიტამინი დაზიანებული უჯრედების აღდგენას აჩქარებს; რკინის შეწოვას აუმჯობესებს, რითაც ენერგიას ზრდის; ლორწოვანი გარსის რეგენერაციას აძლიერებს.
საინტერესო ფაქტია, რომ გაციების დროს C ვიტამინის სწორი დოზით მიღება დაავადების ხანგრძლივობას დაახლოებით 15–20%-ით ამცირებს.
ეს ვიტამინი აუცილებელია იმუნიტეტისთვის, რადგან იმუნურ უჯრედებს ააქტიურებს, ბუნებრივი ანტივირუსული მოქმედება აქვს, ანთებას ამცირებს და ორგანიზმის აღდგენას აჩქარებს. სწორედ ამიტომ, ექიმები მისი მიღების რეკომენდაციას ხშირად გასცემენ.
ჩვეულებრივ, ვირუსების სეზონად შემოდგომა და ზამთარი ითვლება. ამ სეზონებზე ადამიანები მეტ დროს დახურულ სივრცეებში ატარებენ, სუფთა ჰაერთან კონტაქტი შეზღუდული აქვთ და იმუნიტეტიც სუსტდება. შედეგად, ინფექციები სწრაფად ვრცელდება და თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად ც ვიტამინის მიღება აუცილებელია.
ეს რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, როდესაც ორგანიზმი ინფექციას ებრძვის (ან საბრძოლველად ემზადება), C ვიტამინზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. ამ დროს, მას იმუნური უჯრედები სწრაფად ხარჯავენ.
გასათვალისწინებელია ცივი ამინდის ფაქტორიც - ცივი ამინდი, მზის სინათლის ნაკლებობა და სტრესი იმუნიტეტს აქვეითებს. ეს კი, ც ვიტამინის დამატებით საჭიროებას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ C ვიტამინი პრევენციული მიზნითაც დალიოთ. დანამატების მიღება იმუნურ სისტემას მუდმივად მზადყოფნაში ამყოფებს.
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ C ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა გამოწვიოს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდეთ.
ხშირი გაციება და სუსტი იმუნიტეტი - ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. თუ ხშირად ცივდებით და სიმპტომებიც მძიმეა, ეს შესაძლოა C ვიტამინის დეფიციტით იყოს გამოწვეული.
ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე - C ვიტამინი ენერგიის გამომუშავების პროცესებში მონაწილეობს და ხელს უწყობს რკინის ათვისებას. დეფიციტმა შეიძლება ანემია - რკინის ნაკლებობა და შესაბამისად, მუდმივი დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება გამოიწვიოს.
სისხლჩაქცევები და ღრძილებიდან სისხლდენა კოლაგენის სინთეზის დარღვევის ყველაზე თვალსაჩინო ნიშნებია. ამ დროს, ღრძილის ქსოვილები სუსტდება. გარდა ამისა, C ვიტამინის დეფიციტი კაპილარების კედლებს ასუსტებს, რის გამოც სისხლჩაქცევა შეიძლება მცირე ტრავმამაც გამოიწვიოს.
ჭრილობების ნელი შეხორცება - ჭრილობის შეხორცება კოლაგენის სწორ სინთეზს მოითხოვს. დეფიციტის დროს, ორგანიზმს ახალი ქსოვილის სწრაფად წარმოქმნა უჭირს.
კანის სიმშრალე და დაზიანება - ეს ც ვიტამინის შესაძლო დეფიციტის კიდევ ერთი ნიშანია, რაც ყურადღებას მოითხოვს.
თუ აღნიშნული სიმპტომებიდან რამდენიმე გაქვთ, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია და C ვიტამინის, დანამატის სახით, მიღება.
ერთ შეფუთვაში 20 შუშხუნა ტაბლეტია მოთავსებული, რომელთა ეფექტურობასაც, რასაკვირველია, შემადგენლობა განსაზღვრავს.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტის შემადგენლობაში შედის: მჟავიანობის მარეგულირებელი - ლიმონის მჟავა; ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა); მჟავიანობის რეგულატორი - ნატრიუმის კარბონატი; შემავსებელი - სორბიტოლი, ლაქტოზა (რძიდან მიღებული); არომატიზატორები; დამატკბობლები - ციკლამატები, საქარინი; საღებავები - კაროტინები; შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერებები- პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი.
ვიტამინების შემცველობა 1 ტაბლეტში, რეკომენდებულ დღიურ დოზაზე, არის ვიტამინი C: 1000 მგ (1250% რეკომენდებული დღიური დოზა).
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი შესაძლოა შეიცავდეს ლაქტოზას (რძიდან მიღებულს).
რაც შეეხება მიღების წესებს, თითოეული აბი 200 მლ გრილ წყალში უნდა ჩააგდოთ. დაელოდეთ, სანამ ბოლომდე გაიხსნება და შემდეგ დალიეთ. უმჯობესია, თუ მას კვების შემდეგ მიიღებთ.
აღსანიშნავია, რომ ის არ არის რეკომენდებული 18 წელზე უმცროსი ასაკის პირებისთვის, თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებისთვის, თირკმელში კენჭის არსებობის შემთხვევაში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში.
გახსოვდეთ, რომ საკვები დანამატი ჩვეულებრივი კვების ალტერნატივა არ არის. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მრავალფეროვანი დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესია მნიშვნელოვანი.
ფაქტია, რომ ც ვიტამინი იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. ის მძლავრი ანტიოქსიდანტი და იმუნური უჯრედების სტიმულატორია. სწორედ ამიტომ, გაციებასთან ბრძოლისთვის და ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი კომპონენტია.
მისი მიღება დაგეხმარებათ, რომ ინფექციების სიხშირე და დაავადების შემთხვევაში - სიმპტომები შემსუბუქდეს. ნუ დაელოდებით ვირუსების შემოტევას, პრევენციულ ზომებს მანამდე მიმართეთ და ც ვიტამინის მიღება დაიწყეთ.