
ანტიბიოტიკების მიღება, არაჯანსაღი კვება, სტერსი, ცხოვრების წესი - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ნაწლავების ზოგად მდგომარეობასა და მოკროფლორის ბალანსზე მოქმედებს. უყურადღებობის შემთხვევაში კი, თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შებერილობა, დისკომფორტი, საჭმლის მონელების გაძნელება და სხვა.
ასეთ დროს, ორგანიზმს პრობიოტიკებით მხარდაჭერა სჭირდება. ენტეროჯერმინა ფორტე ის პრეპარატია, რომელიც ნაწლავების ჯანმრთელობის აღდგენას ხელს უწყობს. მისი გამოყენების შემდეგ, ადამიანები დისკომფორტისგან თავისუფლდებიან და ცხოვრების ჩვეულ ტემპს უბრუნდებიან. სწორედ მედიკამენტის ეფექტურობის დამსახურებაა ის, რომ მას მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღებს. არსებობს ენტეროჯერმინა კაფსულა და სუსპენზიის სახით. მათ ერთმანეთისგან ფორმა და ზოგჯერ, დოზირებაც განასხვავებს. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთი და იგივე ნივთიერებებისგან შედგება.
სუსპენზია 5მლ პოლიეთილენის ფლაკონშია მოთავსებული. ერთ მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, სულ 10 ასეთი ფლაკონია. ის აუცილებლად პერორალურად უნდა მიიღოთ.
ამ ბლოგის მეშვეობით გაიგებთ, რატომაა ენტეროჯერმინა ეფექტური, როგორია მისი მიღების წესი, რა სიფრთხილის ზომები უნდა დაიცვათ, როგორ შეინახოთ და სად შეიძინოთ იგი.
ენტეროჯერმინა ფორტე არის პრობიოტიკი, რომელიც აქტიურ ნივთიერება Bacillus clausii-ს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ეს მიკროორგანიზმი ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორაში ბუნებრივად გვხვდება. პრეპარატის დამხმარე ნივთიერება კი გასუფთავებული წყალია.
მისი ძირითადი დანიშნულება სწორედ ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა და ბალანსის შენარჩუნებაა. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ ის სხვადასხვა მიზეზების გამო დაირღვა. პრეპარატის ეფექტურობა და სანდოობა სხვადასხვა კლინიკური კვლევით დასტურდება. სწორედ ამიტომ, ის ექიმების ხშირი არჩევანიცაა.
აღსანიშნავია, რომ წამალი იტალიურია, რაც ხარისხის კიდევ ერთი გარანტიაა. ვინაიდან, ის ევროკავშირის სტანდარტებისა და მკაცრი რეკომენდაციების დაცვითაა წარმოებული.
ენტეროჯერმინას ეფექტურობა სწორედ მის შემადგენელ კომპონენტებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ Bacillus clausii კუჭის მჟავა გარემოს უძლებს და მხოლოდ ნაწლავში აქტიურდება, სადაც მჟავიანობა ნეიტრალურია.
უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, პრეპარატის მოქმედება სპორის გადატანითა და აქტივაციით იწყება. კუჭის მჟავა ბარიერის გადალახვის შემდეგ, ის წვრილ ნაწლავში აქტიურ ვეგეტატიურ ფორმად გარდაიქმნება.
ბაქტერია ნაწლავის ზედაპირს იკავებს - ადგილს, სადაც ადრე პათოგენური მიკრობები შეიძლებოდა დამკვიდრებულიყვნენ და კონკურენციაში შედის მავნე ბაქტერიებთან. შედეგად, პათოგენებს საკვებ ნივთიერებებს ართმევს, მათ საცხოვრებელ ზედაპირს იკავებს და ანტიმიკრობული ნივთიერებების გამოყოფას.
ენტეროჯერმინას ანტიმიკრობული და ანტიტოქსიკური მოქმედებაც გააჩნია. Bacillus clausii ნივთიერებებს გამოიმუშავებს, რომლებიც პათოგენურ ბაქტერიებს თრგუნავენ და ზოგიერთი ბაქტერიული ტოქსინის ნეიტრალიზაციაც შეუძლიათ. შედეგად, პრეპარატი ნაწლავის ბარიერული ფუნქციის გაძლიერებას ხელს უწყობს.
მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკოთერაპიის თანმხლები დაცვა. Bacillus clausii-ის შტამები ბუნებრივად არიან პოლირეზისტენტული (რამდენიმე ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტულები). სწორედ ამიტომ, ანტიბიოტიკის მიღებსას სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ, ნაწლავის ნორმალურ მიკრობიოტას განადგურებისგან იცავენ და ანტიბიოტიკის მოქმედებით გამოწვეული დიარეის სიხშირეს ამცირებენ.
გარდა ამისა, Bacillus clausii B ჯგუფის ვიტამინების - B2, B6, B9, B12 სინთეზში მონაწილეობს.
ეს ის ვიტამინები, რომლებიც საჭიროა: ნაწლავის ეპითელიუმის რეგენერაციისთვის; ნერვული სისტემისა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმისთვის; ასევე, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კვლევების მიხედვით, Bacillus clausii ასტიმულირებს IgA (იმუნოგლობულინი) ანტისხეულების გამომუშავებას და ნაწლავის ბარიერულ მთლიანობას აუმჯობესებს, რაც მას პათოგენების შეღწევისგან იცავს.
ენტეროჯერმინა ფორტე მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა. ის გამოიყენება: ნაწლავური დისბაქტერიოზისა და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის; ასევე, ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღსადგენად.
უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, დისბაქტერიოზი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევაა - ამ დროს, სასარგებლო და მავნე ბაქტერიების თანაფარდობა იცვლება. შედეგად, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ზოგადად, ორგანიზმის მუშაობა ირღვევა. ენტეროჯერმინა სწორედ ამ შემთხვევაში გამოიყენება.
პრეპარატი ეფექტურია ინფექციური ან ტოქსიკური დიარეის, გასტროენტერიტისა და სხვა მსუბუქი საჭმლის მომნელებელი დარღვევების დროს. როგორც წესი ესენია: ფაღარათი, მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი.
მედიკამენტი ზოგჯერ, დამხმარე თერაპიის სახით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შემთხვევაშიც ინიშნება. მას პროფილაქტიკური დანიშნულებაც აქვს და ანტიბიოტიკოთერაპიის ან ნაწლავური ინფექციების შემდეგ ნორმალური ბაქტერიული ბალანსის შესანარჩუნებლად გამოიყენება.
იმისთვის, რომ სუსპენზია მაქსიმალურად ეფექტური იყოს, რიგი რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
თავდაპირველად, ფლაკონი ლენტიდან უნდა მოხსნათ, შემდეგ კი კარგად შეანჯღრიოთ. ფლაკონის ზედა ნაწილი საათის ისრის მიმართულებით დაატრიალეთ და ასე გახსნათ. მასში არსებული შიგთავსი კი, დამტკბარ წყალში, რძეში, ჩაისა თუ ფორთოხლის წვენში გააზავეთ. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი წინასწარი გაზავების გარეშე არ გამოიყენოთ.
ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ის მხოლოდ პერორალურად მიიღება - საჭიროა მისი დალევა. დაუშვებელია ენტეროჯერმინა ფორტეს ინექციის სახით გაკეთება ან ნებისმიერი სხვა გზით მიღება!
რაც შეეხება დოზირებას, ის პაციენტის ასაკსა და დაავადების ტიპზეა დამოკიდებული. როგორც წესი, მოზრდილების დღიური დოზა, დღე-ღამეში, 4-6 მილიარდ Bacillus clausii-ის სპორს ანუ 1 ფლაკონ ენტეროჯერმინა ფორტეს შეადგენს. გაითვალისინეთ, რომ ფლაკონი არ იყოფა.
აღსანიშნავია, რომ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალ ექიმს შეუძლია განსხვავებული დოზირება დანიშნოს, რითვისაც ენტეროჯერმინას სხვა კონცენტრაცია იქნება საჭირო.
იმ შემთხვევაში, როდესაც 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში დღე-ღამეში 4 მლრდ-ზე ნაკლები Bacillus clausii-ის სპორი ინიშნება, ენტეროჯერმინა ფორტე ადეკვატურ დოზირებას არ უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, საჭირო იქნება სტანდარტული ენტეროჯერმინა, რომელიც Bacillus clausii-ის სპორებს ნაკლები კონცენტრაციით შეიცავს.
ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსი, ექიმის რეკომენდაციით, 5-7 დღის განმავლობაში გრძელდება. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს, ენტეროჯერმინა ფორტე შესაძლოა ყოველ დღე გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში, პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკის ორი თანმიმდევრული დოზის მიღებებს შორისაა რეკომენდებული. მაგალითად, 2-3 საათის შემდეგ.
არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზას თვითნებურად - ამისთვის საჭიროა ექიმის კონსულტაცია. როგორ უნდა მოიქცეთ თუ პრეპარატის მიღება დაგავიწყდათ? - გამოტოვებულის საკომპენსაციოდ, ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
აღსანიშნავია, რომ ენტეროჯერმინა კაფსულა უფრო ხშირად მოზრდილებში გამოიყენება.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ენტეროჯერმინა ფორტეს ფლაკონში ხილული ნაწილაკების შესაძლო არსებობა Bacillus clausii-ის სპორების აგრეგატებითა გამოწვეული. შესაბამისად, ეს პრეპარატში მომხდარ ცვლილებაზე არ მიუთითებს.
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, გვერდითი მოვლენები ენტეროჯერმინა ფორტესაც ახასიათებს.
კუჭ‑ნაწლავის გაღიზიანება, რომელიც მუცლის ტკივილით, დისკომფორტითა და გაზების დაგროვებით გამოიხატება, მსუბუქი და ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა.
რაც შეეხება უფრო სერიოზულ შემთხვევებს, ესენია: ალერგიული რეაქციები - კანის სიწითლე, ქავილი, ურტიკარია ან ანგიოედემა. შესაძლოა, ადამიანს სახე, ტუჩები ან ყელი შეუშუპდეს. თუ პაციენტს სუნთქვა გაუძნელდა ან ყელი ძალიან შეშუპდა, აუცილებელია ექიმის დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
ასევე სპეციალისტს უნდა მიმართოთ, თუ გაქვთ ძლიერი დიარეა ან ღებინება, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება; გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა ან მუცლის ძლიერი ტკივილი.
გარდა ამისა, პოსტმარკეტინგული კვლევის დროს გამოვლენილია ისეთი შესაძლო გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები: ანგიონევროზული შეშუპება.
იმ პაციენტებისთვის, ვინც ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა, ორგანო აქვს გადანერგილი ან HIV-ით დაავადებულია, სპორების გამოყენება თეორიული რისკის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ექიმის ზედამხედველობა აუცილებელია.
ენტეროჯერმინა ფორტეს უკუჩვენებებია მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტების მიმართ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენები არ არის.
საქართველოში ენტეროჯერმინა ხელმისაწვდომია, ის ქვეყანაში იმპორტის გზით შემოდის და ურეცეპტოდ გაიცემა. მისი შეძენა საფთიაქო ქსელ ფარმადეპოშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის ღირებულება ცვალებადია. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ზუსტად რა ღირს ენტეროჯერმინა? ფარმადეპო საზოგადოებას ფასდაკლებებსა და აქციებს ხშირად სთავაზობს. სწორედ ამიტომ, ზუსტი ფასის თქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ზოგადად, მომხმარებელს კონკრეტული პროდუქტის მარაგისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია შეუძლია ვებ გვერდის მეშვეობით გადაამოწმოს ან აფთიაქში ფიზიკურად მივიდეს.
ენტეროჯერმინას შენახვის წესები მარტივია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზედმიწევნით დაიცვათ. ასე წამლის სარგებლიანობა მაქსიმუმამდე გაიზრდება და შესაძლო უარყოფით ზეგავლენას თავიდან აიცილებთ.
პრეპარატი 30°C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ. აუცილებელია, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ან სითბოს სხვა წყაროებთან ახლოს არ დატოვოთ,
გახსნილი ფლაკონი მყისიერად გამოიყენეთ და ხანგრძლივად არ შეინახოთ. ფლაკონი წვიმისა და ტენიანობისგან დაცული უნდა იყოს, რადგან ეს პრეპარატის ხარისხს აუარესებს. სწორედ ამიტომ, აბაზანაში ან სხვა ტენიან ადგილას არასოდეს შეინახოთ.
რაც შეეხება ვარგისიანობის ვადას, ის 2 წელია. ზოგადად, ნებისმიერი პრეპარატის შეძენისას მნიშვნელოვანია, რომ ვადას დააკვირდეთ.