
არაფერია მშობლისთვის ისეთი რთული, როგორც შვილის ავადმყოფობა. ყოველ მცირე სიმპტომს, ალბათ, სხვა მშობლების მსგავსად, თქვენც ბავშვთან ერთად განიცდით.
ქავილი, გამონაყარი და უძილო ღამეები - ესენი მუნის შედეგად გამოწვეული პრობლემებია. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც ტკიპა იწვევს. მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის - მუნი სიმპტომები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, ის სწრაფად ვრცელდება. დამატებით საფრთხეს სწორედ ეს ქმნის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ - როგორ ამოვიცნოთ მუნი, პრევენციის რა გზები არსებობს, როგორ უნდა მოიქცეთ დაავადების შემთხვევაში, სად არის ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალი და სხვა. ამ საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას ბლოგში გაეცნობით.
მუნი ანუ ბღერი (scabies) კანის პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც ბღერის ტკიპა - Sarcoptes scabiei იწვევს. მიკროსკოპული პარაზიტი თვალით უხილავია, ის დაახლოებით, 0.3-0.4 მმ ზომისაა. კანზე მოხვედრის შემდეგ, ეპიდერმისში ჩადის, ერთგვარ წვრილ „გვირაბებს“ აკეთებს და კვერცხებს დებს. სწორედ ეს პროცესი იწვევს ძლიერ ქავილსა და გამონაყარს. გაუხეშებული ხაზები კი, რომლებიც ადამიანებს კანზე აღენიშნებათ, ტკიპის მოძრაობის შედეგად ჩნდება.
დაავადება კანთან პირდაპირი კონტაქტით ვრცელდება. მაგალითად, თუ ინფიცირებულმა ბავშვმა მეორეს ხელი ჩასჭიდა, შეიძლება მუნი გადასდოს. ასევე, ბღერი არაპირდაპირი კონტაქტის გზითაც გადადის - საერთო ნივთების გამოყენებით, ტანსაცმლიდან, თეთრეულიდან, პირსახოციდან ან სათამაშოებიდან. სხვადასხვა ნივთზე პარაზიტები რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე ცოცხლობენ.
აღსანიშნავია, რომ მუნი განსაკუთრებით სწრაფად საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ვრცელდება, სადაც ფიზიკურ კონტაქტი უფრო ინტენსიურია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პრევენციის გზებიც იცოდეთ.
მუნი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ ადამიანს ემართება. ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებიც ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად, ბღერით დაახლოებით 200 მილიონიდან 300 მილიონამდე ადამიანი ავადდება.
პარაზიტული ინფექციის - მუნი სიმპტომები, შესაძლოა, პირველი დაინფიცირებიდან, საშულოდ, 2-6 კვირაში გამოვლინდეს.
ბუნებრივია, მშობლებისთვის შვილების ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომაც ებადებათ კითხვა - როგორ ამოვიცნოთ მუნი. ამ დაავადების მთავარი სიმპტომი ქავილია, რომელიც განსაკუთრებით ღამით, ძილის დროს ან სითბოს ზემოქმედებით ძლიერდება.
გარდა ამისა, მუნისთვის დამახასიათებელია წვრილი წითელი გამონაყარი. ის თითებს შორის, ხელის მტევნებზე, მუცელზე, მკერდზე ან საზარდულზე ჩნდება. შედეგად, კანი ღიზიანდება და დაზიანებულ უბნებში ზოგჯერ მუქდება კიდეც. ასევე, შეგიძლიათ, რომ კანზე ტკიპის მოძრაობის შედეგად გაჩენილი ზოლებიც დაინახოთ.
გამონაყარი უფრო ხშირად ისეთ ადგილებში ჩნდება, როგორიცაა: ხელის გულები და თითებს შორის სივრცეები; ფეხის ტერფის ზედა მხარე; დუნდულები; ნეკნებთან; მკერდის ზედა ნაწილი; საზარდული და დუნდულქვეშა მიდამო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბავშვებში გამონაყარი შეიძლება სახესა ან თავის კანზეც გავრცელდეს. ამიტომაც, ამ მხრივაც ყურადღებით უნდა იყოთ.
თუ ბავშვს ტანი ექავება და გამონაყარი აქვს, აუცილებელია, რომ სპეციალისტს დროულად მიმართოთ. შესაბამისი დიაგნოზი რაც უფრო ადრე დადგინდება, მკურნალობა მით უფრო მარტივი იქნება.
საზოგადოებაში გარკვეული სტერეოტიპი არსებობს - ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ბღერი სიბინძურის გამო ჩნდება. ისინი გამონაყარსა და ძლიერ ქავილს ჰიგიენის პრობლემასთან აკავშირებენ. ეს კი მართალი არ არის, რადგან სინამდვილეში მუნი ყველაზე მარტივად გადადის: ხელის ჩამორთმევით, საერთო თეთრეულის ან პირსახოცის გამოყენებით, ერთ საწოლში ძილით, ბაღში ან სკოლაში ჩვეულებრივი თამაშითაც კი.
თუმცა, აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სისუფთავე მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის ინფექციის გავრცელების რისკებს ამცირებს, რადგან რეგულარული რეცხვა, თეთრეულის გამოცვლა, სათამაშოების გაწმენდა და ოთახის განიავება ტკიპების გამრავლებასა და გადაცემას ხელს უშლის.
შესაბამისად, ფაქტია, მუნი სიბინძურის გამო არ ჩნდება. ეს დაავადება გადამდებია და შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. სისუფთავე კი პრევენციის მთავარი მექანიზმია, რომელიც ტკიპების გავრცელებასა და ხელახალ ინფიცირებას ხელს უშლის.
იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნოთ და მუნით შესაძლო დაინფიცირება თავიდან აირიდოთ, რამდენიმე რეკომენდაციის დაცვაა სასურველი.
აღსანიშნავია, რომ საჭიროა, მარტივი, მაგრამ სისტემატიური მოქმედება.
პირველ რიგში, ბავშვებს პირადი ჰიგიენის მნიშვნელობა ასწავლეთ - მათ უნდა იცოდნენ, რომ აუცილებელია, ხელების რეგულარული დაბანა და სხვისი ნივთების გამოყენებისგან თავშეკავება.
ბავშვის ტანსაცმელი და საწოლის თეთრეული მაღალ ტემპერატურაზე (60°C-მდე) გარეცხეთ და აუცილებლად გააუთოვეთ.
გარდა ამისა, საჭიროა, სათამაშოების, ბალიშებისა და პლედების პერიოდულად განიავება ან მზეზე დატოვება. მოერიდეთ საერთო პირსახოცების ან სავარცხლების გამოყენებას.
თუ ბაღში ან სკოლაში მუნის შემთხვევა გამოვლინდა, ყურადღებით იყავით, ბავშვს დააკვირდით და თუ საჭირო გახდა, ექიმს მიმართეთ.
აღსანიშნავია, რომ მშობლის ყურადღება და ყოველდღიური პრევენციული ქმედებები დაავადების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა.
თუ ბავშვს ბღერი დაუდგინდა, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა სწრაფად და რაც მთავარია, სწორად იმოქმედოს. ვინაიდან, ეს დაავადება ძალიან მარტივად ვრცელდება და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი სპეციალისტთან ვიზიტია. მუნის თვითნებურად მკურნალობა ხშირად არაეფექტურია და ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების გამოყენებაა საჭირო. მკურნალობის სქემას ბავშვის ასაკის, სიმპტომებისა და დაავადების სტადიის მიხედვით, სწორედ დერმატოლოგი განსაზღვრავს.
მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შესაძლოა მხოლოდ ბავშვს ჰქონდეს, უნდა გახსოვდეთ - მუნი გადამდებია. შესაბამისად, ყველამ, ვისაც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი აქვს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
მკურნალობის პარალელურად, აუცილებელია: ტანსაცმლის, თეთრეულის და პირსახოცების მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა და შემდეგ გაუთოვება.
ასევე, სათამაშოები, ბალიშები და პლედები გაწმინდეთ და შემდეგ 3-4 დღით პარკში მოათავსეთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჟანგბადის გარეშე ტკიპა იღუპება. საცხოვრებელი გარემო კი, ჰიპოალერგიული სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ.
აღსანიშნავია, რომ მკურნალობის შემდეგ, ქავილი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ეს ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ ბღერის ტკიპა ისევ ორგანიზმშია. იმ შემთხვევაში, თუ ქავილი არ ქრება ან გამონაყარი ძლიერდება, კვლავ ექიმს მიმართეთ.
ერთ-ერთი საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინფიცირებულის იზოლაციაა - თუ ბავშვს მუნი აქვს, ის სახლში უნდა დარჩეს და სხვებთან კონტაქტს მოერიდოს. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საერთო ჭურჭელი ან ნივთები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბღერი პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტის გზით ვრცელდება. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ თავშეყრის ადგილებში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.
უნდა იცოდეთ, რომ მუნის გავრცელების ძირითადი ადგილებია: საბავშვო ბაღები და სკოლები; საცხოვრებელი ბინები, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ახლო კონტაქტი აქვთ; სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, ბანაკები.
შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული რისკჯგუფებიც არსებობს. გავრცელების საფრთხე მაღალია ისეთი პროფესიის ადამიანებში, როგორებიც არიან ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები, რადგან მათ ბავშვებთან ხშირი კონტაქტი აქვთ.
ზოგადად, რისკ ფაქტორები ნებისმიერი ადამიანისთვის არსებობს და ესენია: ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და საერთო ჭურჭლის გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ ბევრი მშობელი პარაზიტული ინფექციის - მუნი სიმპტომები თვითნებურად მკურნალობას ცდილობს, თუმცა ეს შეცდომაა.
არასწორად შერჩეულმა მალამოებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია, კანის გაღიზიანება ან ტკიპების მიმართ მედეგობა გამოიწვიოს. სწორი მიდგომა არის დერმატოლოგთან კონსულტაცია და სპეციალისტის დანიშნულების შესრულება.
დამახსოვრეთ, რომ მუნით შეიძლება მეორედაც დაინფიცირდეთ, თუ ოჯახის ყველა წევრი ერთდროულად არ იმკურნალებს და სახლში დეზინფექცია არ ჩატარდება.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე ინფექციის მკურნალობა. ამიტომაც, მშობლებმა უნდა იცოდეთ, კონკრეტულად როგორ მოიქცეთ.
უდიდესი ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვი ჰიგიენის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებდეს - იცოდეს, ხელების სწორად დაბანა და სხვისი ნივთების გამოყენებიდან მომდინარე საფრთხეები.
სახლში სისუფთავის და ჰიგიენის კულტურა შექმენით. სხვა ბევრ ნიუანსთან ერთად, ეს კვირაში ერთხელ, საწოლის თეთრეულის გამოცვლასაც მოიაზრებს.
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც ბაღიდან ან სკოლიდან დაბრუნდება, ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოს და იბანაოს. ასევე, მნიშვნელოვანია, სავარცხლების, ბალიშებისა და საბნების რეგულარული წმენდა.
ფაქტია, რომ მუნი მთელ მსოფლიოში გავრცელებული, მაგრამ მარტივად განკურნებადი პარაზიტული ინფექციაა. სწორედ დროული რეაგირება, ჰიგიენის ნორმების დაცვა და ინფორმირებულობა იცავს როგორც ბავშვს, ისე მთელ ოჯახს.
შესაბამისად, თუ შეამჩნიეთ მუნი სიმპტომები - ქავილი, გამონაყარი და კანის გაღიზიანება, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. აღსანიშნავია, რომ ეს პარაზიტული ინფექცია მხოლოდ მაშინ რთულდება, თუ ადამიანი პირველად სიმპტომებს ყურადღებას არ მიაქცევს. ამიტომაც, მშობლებისთვის ცოდნა ერთგვარი იარაღია, რითაც ბავშვების დაცვაა შესაძლებელი.